იოგასა და კარმას გავლენა ადამიანის სულიერ გამოღვიძებაზე
ინტერვიუს ფარგლებში, გაგაცნობთ ფილოლოგსა და იოგას მიმართულებით ბრაჰმანს ნანდი არაბულს, რომელიც წლების განმავლობაში ეძებდა თავის გზას როგორც შემოქმედებით, ასევე სულიერ დონეზე. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მას შთააგონა როგორც მონასტერში მოღვაწეობამ, ისე აღმოსავლურმა ფილოსოფიამ და იოგას შესწავლის პროცესმა. ახლა კი, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს თავის მოსწავლეებს.
უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ თქვენი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ.
მწერლის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, რამაც გავლენა იქონია ჩემს სურვილზე, გავმხდარიყავი მწერალი, პოეტი. ამასთან, ვინაიდან დედა ექიმი გახლდათ, მისი პროფესიაც ძალიან მომწონდა და მიჭირდა არჩევანის გაკეთება. საბოლოოდ კი, ფილოლოგიურზე ჩავაბარე და სწავლის დასასრულს მონასტერში წავედი, სადაც ორი წელი ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. ვინაიდან, დიდი სურვილი მქონდა ხელოვნების მიმართულებით არსებული ჩემი შესაძლებლობები განმევითარებინა, (რაც თვითგამორკვევის სერიოზული პროცესი იყო ჩემთვის), დავინტერესდი იოგით, რასაც საფუძველი აღმოსავლურ ფილოსოფიაზე გაცნობამ ჩაუყარა. 2002 წლიდან წამოვედი მონასტრიდან და არჩევანი გავაკეთე კრიშნაიზმის მიმართულებით, რის შესახებაც მანამდე მქონდა წაკითხული.
როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია იოგას ადამიანის ცხოვრებაზე როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ დონეზე?
იოგას არაერთი თავისებურება ახასიათებდა. შესაბამისად, ადამიანები მასთან ძალიან მცირე შეხებითაც კი სერიოზულ თვითრეალიზებას აღწევდნენ. ეს იყო ღრმა მისტიკური და ინტუიციური ჩართულობის გააქტიურება სიცოცხლის არსთან. იოგა არის ვედური კულტურის ე.წ. „ხერხემალი“ და შეუძლია მისით დაინტერესებულ ადამიანზე მოახდინოს დადებითი გავლენა, თუმცა ამასთან არსებობს საშიშროება იმისა, რომ არასწორად შესწავლილმა იოგამ და არაკვალიფიცირებულმა მასწავლებელმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ენერგეტიკაზე, მსოფლმხედველობაზე, არჩევანსა და ა.შ.
თქვენი აზრით, როგორ უკავშირდება იოგა სულიერ გამოღვიძებას?
იოგა პირდაპირ უკავშირდება სულიერ გამოღვიძებას მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში იოგამ გარკვეული კომპონენტები დაკარგა და მცირედით დაუშნოვდა, რის გამოც დაემსგავსა ფიზიკურ-მატერიალისტურ ტექნიკებსა და მეთოდებს. თუმცა, იოგას ველი გახლავთ ერთგვარი დამაკავშირებელი ველი და, შესაბამისად, სრულყოფილი უნივერსალური იოგა ააქტიურებს და ახსენებს ადამიანს ყველაფერს იმას, რაც ინდივიდუალურ სულსა და ზე სულს შორის მარადიულ კავშირშია.
შესაძლებელია, რომ კარმა და გამოღვიძების პროცესი ერთმანეთთან კავშირში იყოს?
გამოღვიძების იმპულსი და ვალდებულება იწყება კარმასთან ერთად. მატერიაში სხვადასხვა სხეულების მიღებისთანავე ირთვება კარმა, რაც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია გამოღვიძებასთან. გამუდმებით მუშაობს ეს პროცესი და გამუდმებით მოდის ჩვენთან ეს იმპულსები ზე სულის კარნახის სახით, რათა გამოვიღვიძოთ. ადამიანის სხეულში უკვე ამის რეალური საშუალება და გარემო იქმნება, რომ ჩვენ დავფიქსირდეთ კარმაზე და ამავე დროს მოვინდომოთ გამოღვიძება ამ განპირობებული მატერიალისტური აზროვნებიდან ჩვენი ცნობიერების ამოყვანა და მარადიულ აწმყოში გადაყვანა.
რას ურჩევდით მკითხველს?
მკითხველს ვურჩევდი, რომ ნებისმიერ ეტაპზე, რაზეც არ უნდა იყოს ადამიანის ცხოვრება, გაჩერდეს და უპასუხოს კითხვას: ვინ ვარ მე? უნდა გვახსოვდეს, რომ ინდუქციური და დედუქციური კანონის დედუქციური პრინციპების მიხედვით, ზემოდან ქვემოთ ჩამოსული ლოგოსი ჩვენთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, რომლის გარეშეც ილუზიური ყოფიდან თავის დაღწევა რთულია. შესაბამისად კითხვაზე, თუ ვინ ვარ მე, პასუხს ლოგოსის გარეშე ვერ გავცემთ. ლოგოსის სრულყოფილება კი ვედური კულტურის მიხედვით ფორმულირებულია მანტრების სახით, რომლებიც სულით სუფთა ცნობიერების ველში შექმნილი ერთგვარი ფორმულებია, რომლებიც ეხმარება ადამიანს. აგრეთვე მნიშვნელოვანია ჯანსაღი და სწორი კვება, კერძოდ ვეგეტარიანელობა და ასევე არაძალადობრივობის პრინციპი, რაც საფუძვლად უდევს იოგას. აუცილებლად ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერი ცხოვრება იწყება არაძალადობრივობის გაცნობიერებით.
ავტორი: მარიამ მთივლიშვილი