აღმოსავლური მეტაფიზიკა, როგორც „სულიერი გამოღვიძებისთვის“ საჭირო მექანიზმი
ნანა მისაბიშვილი უმაღლესი განათლებით ბიოლოგი და აღმოსავლური მეტაფიზიკის სერტიფიცირებული ექსპერტი გახლავთ. აღმოსავლური, კერძოდ ჩინური, მეტაფიზიკის არაერთი მიმართულების საფუძვლების ცოდნის მეშვეობით ეხმარება ადამიანებს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიული კავშირის დამყარებაში.
რა არის აღმოსავლური მეტაფიზიკის ძირითადი პრინციპები?
ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ჩინური მეტაფიზიკა არის ენერგიების მართვის ხელოვნება. ეს არის სწავლებათა კომპლექსი, რომელიც ეფუძნება უძველესი ბრძენების მიერ საუკუნეების მანძილზე ენერგიების ზემოქმედებაზე დაკვირვებებით ნაგროვებ, ფორმულებად ჩამოყალიბებულ, ერთმანეთისთვის თაობიდან თაობაზე საიდუმლოდ გადაცემულ და ჩვენამდე მოსულ სიბრძნეს. აღმოსავლური მეტაფიზიკა ოდესღაც მხოლოდ იმპერატორების და სამეფო კარის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი ცოდნა იყო – ნატიფი და უხილავი ენერგიების მართვის შესახებ. დღეს უკვე ხელმისაწვდომი გახდა ეს ცოდნა საზოგადოების ფართო მასისთვის, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ ის გამარტივებული, დამახინჯებული და ყველასათვის გასაგები, ხშირ შემთხვევაში აბსურდამდე დაყვანილი, ფორმით არის მოწოდებული. შესაბამისად, ეს ვერსია შედეგის მომტანი ვერ იქნება. ენერგია, რომლითაც გამსჭვალულია ჩვენს ირგვლივ ყველაფერი, არის უხილავი. ჩვენ არ შეგვიძლია შევეხოთ ან გავზომოთ ის, თუმცა ამ ენერგიების გავლენა ჩვენზე ძალიან დიდია. ჩინური მეტაფიზიკის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს სწორედ ამ უხილავი ენერგიების ხარისხის დადგენა და კონკრეტული ადამიანისთვის მომართვა/მორგება წარმოადგენს. ეს ცოდნა გვეხმარება არსებული ენერგიებიდან ნეგატიურის ნიველირებასა და სასიკეთო ნაკადების გამოყენებაში, რათა ადამიანის ცხოვრება გახდეს მეტად ხარისხიანი და საინტერესო.
რატომ ითვლება, რომ ისინი გავლენას ახდენენ ადამიანის კეთილდღეობაზე?
აღმოსავლური მეტაფიზიკის სწავლებები ეხმარება ადამიანს დაამყაროს სწორი კავშირი როგორც ზოგადად სამყაროსთან, ასევე საკუთარ თავთან. სრულად აღმოაჩინოს როგორც საკუთარი, ასევე მის ირგვლივ, სივრცეში არსებული პოტენციალი. სამწუხაროდ, ადამიანების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს რატომ და რისთვის არის მოვლენილი ის აქ და ახლა. ჩინური მეტაფიზიკის, კერძოდ „ბედის ოთხი სვეტის“ ცოდნა კი ამის აღმოჩენაში გვეხმარება. მისი ცოდნა ადამიანს საკუთარი ბუნების, უნარების, შესაძლებლობების და იმ საკითხების გაშიფვრაში უწყობს ხელს, რომელიც დაბადებისთანავე თან დაჰყვა. “ბედის ოთხი სვეტი“ გახლავთ ადამიანის ენერგეტიკული პასპორტი. ძალიან საინტერესოა და უნდა ვიცოდეთ ასევე ე.წ. „ომის ხელოვნებაც“, რომელიც გადმოტანილია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც მიზნამდე მისვლის და გამარჯვების ხელოვნება. გარდა ამისა, ყველა ადამიანს სჭირდება მისთვის უსაფრთხო სახლი, სადაც დასვენებას და ენერგიით ავსებას შეძლებს და სახლიდან გასული წარმატებას მიაღწევს. სწორედ ასეთი სახლის მოწყობის ხელოვნებას წარმოადგენს „ფენ შუი“, რომელიც გვასწავლის სახლში არსებული ენერგიების სინქრონიზებას კონკრეტული ადამიანის ენერგიების შესაბამისად. „თარიღების შერჩევის“ ხელოვნება გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რისი გაკეთება რა დროს არის უმჯობესი იმისთვის, რომ ნებისმიერი წამოწყება და მოქმედება შედეგიანი და ეფექტიანი იყოს. ასევე, ძალიან საინტერესოა მიმართულება, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ადამიანის სახის ნაკვთებით განვსაზღვროთ მისი ხასიათის თვისებები, პოტენციალი და შესაძლებლობები. ამ მიმდინარეობას „სახის კითხვის“ ხელოვნება ეწოდება. ადამიანის სახე გვაძევს სრულ ინფორმაციას მისი ხასიათის, ბედისა და წარმატების შესახებ და ეს იკითხება მისი ცხვირის, შუბლის, ტუჩის, თვალის ჭრილის, წარბებისა თუ გაჩენილი ნაოჭის ფორმის მიხედვით. ეს და კიდევ მრავალი სხვა მიმართულება, რა თქმა უნდა, შეიცავს ქვემიმართულებებს. ადამიანს ამ სახის ცოდნა ეხმარება ცხოვრებისეული კეთილდღეობის მოპოვებაში.
რას ნიშნავს თქვენთვის გამოღვიძების ცნება და როგორ ხედავთ აღმოსავლურ მეტაფიზიკას, როგორც „სულიერი გამოღვიძებისთვის“ საჭირო მექანიზმს?
ვფიქრობ, თითოეული ადამიანი, რომელიც ფლობს აღმოსავლურ მეტაფიზიკურ ცოდნას, უკვე გავლილი აქვს გამოღვიძების პროცესი. ჩემი აზრით, „მძინარეა“ ის ადამიანი, რომელსაც არ აქვს პასუხი კითხვაზე – ვინ ვარ მე? სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ამ კითხვაზე პასუხს ვერ იძლევა. ჩინური მეტაფიზიკა კი ემსახურება სწორედ ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხის მიღებას. მისი ყველა მიმართულება არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანმა გაიგოს ვინ არის ის, რისთვის მოევლინა ამ სამყაროს და როგორ მოახდინოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება, რომელიც დაბადებიდანვე თან დაჰყვა. შესაბამისად, თუ ადამიანი იყენებს ჩინური მეტაფიზიკის ტექნიკებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე სწორ გზაზეა.
აღმოსავლური მეტაფიზიკის შესახებ რომელი მცდარი წარმოდგენებია გავრცელებული?
როგორც უკვე აღვნიშნე, აღმოსავლური მეტაფიზიკა არის ენერგიების მართვის ხელოვნება. შესაბამისად, ყველაზე გავრცელებული მცდარი მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ ფენ შუისთან დაკავშირებით, რადგან ის ყველაზე პოპულარულია ამჟამად ჩვენ ქვეყანაში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასეთი ღრმა ცოდნის გამარტივებული ფორმით მოწოდებას მივყავართ სრულ აბსურდამდე. საქართველოში და არა მხოლოდ, ფენ შუი ასოცირდება ჩინური კულტურისა და ფოლკლორის ან მითოლოგიის გამოსახულებებთან თუ ფიგურებთან, როგორიც არის სამფეხა ბაყაყი, სპილო, იხვი თუ სხვა, რაც, რა თქმა უნდა, უდიდესი შეცდომაა. შესაბამისად, ამგვარ მიდგომებს კავშირი არ აქვს ნამდვილ, კლასიკურ სწავლებებთან, ვინაიდან ისევ გავმეორდები, ეს გახლავთ ენერგიების მართვის ხელოვნება და არა ჩინური სუვენირების დახლი ჩვენს სივრცეებში.
რას ურჩევდით მკითხველს?
მკითხველს ვურჩევდი, რომ მუდმივად ახსოვდეთ, თუ რამდენად ძვირფასები არიან. თითოეული ადამიანი სჭირდება სამყაროს, რის გამოც ვიმყოფებით აქ და ახლა. აუცილებელია, ვიცოდეთ რა მისიით და დანიშნულებით მოვევლინეთ სამყაროს დროის ამ მონაკვეთში და როგორ უნდა მოვახდინოთ ამ დანიშნულების რეალიზება. ამაში კი იდეალურად გვეხმარება სწორედ ჩინური მეტაფიზიკა.
ავტორი: მარიამ მთივლიშვილი