რას ნიშნავს სულიერი გამოღვიძება?
იმისთვის, რომ გავიგოთ რას ნიშნავს სულიერი გამოღვიძება, ჯერ კარგად უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ღრმა სულიერ ძილში ყოფნა. ღრმა სულიერ ძილში იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი კითხვა თავიანთი სულის არსებობის შესახებ არ უჩნდებათ. არც ის აინტერესებთ, სად არიან და ვინ მართავთ. ღრმა სულიერ ძილში მყოფი ადამიანი, ფაქტობრივად, ჰგავს ზომბირებულ ადამიანს, რომელიც ქვემოთა ორი ან სამი ჩაკრის დონეზე ფუნქციონირებს. მისთვის ეს ცხოვრება მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე, ფიზიკურ კეთილდღეობასა და სიამოვნებაზეა დამყარებული. მას თითქმის არანაირი სულიერი და მორალური ღირებულებები არ გააჩნია. საკუთარი კეთილდღეობისთვის მზადაა ყველაფერზე წავიდეს. ის ყოველგვარი ანალიზის გარეშე იჯერებს და იღებს ყველაფერს, რასაც „ძლიერნი ამა სოფლისანი“ ეუბნებიან. სულიერად ღრმა ძილში მყოფი ადამიანები მთელი არსებით არიან ჩაბმული ამ მატრიცის კორუმპირებულ სისტემაში და კვებავენ მას თავიანთი ტყუილებით, ცბიერებით, არაკეთილსინდისიერებით, შიშით, აგრესიით და მრავალი სხვა დაბალვიბრაციული ემოციებითა და ენერგიებით.
ახლა უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რას შეიძლება ნიშნავდეს სულიერად გამოღვიძებული ადამიანი – ყველაფერ იმის საპირისპიროს, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი. სულიერად გამოღვიძებულ ადამიანებს უჩნდებათ მრავალი კითხვა სამყაროს კანონების შესახებ, შეუძლიათ კრიტიკულად აზროვნება*, გააჩნიათ ემპათია (თანაგრძნობა) ყველა ცოცხალი არსების მიმართ და ცდილობენ იცხოვრონ სამყაროს კანონების სრული დაცვით.
სულიერად გამოღვიძება არ ნიშნავს იმას, რაც ბევრს წარმოუდგენია. ბევრისთვის ეს მხოლოდ სულიერ პრაქტიკებთან, ეზოთერული ცოდნის მიღებასა და ასტრალში მოგზაურობასთან ასოცირდება. თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სულმა ბოლომდე განახორციელოს თავის მისია ამ რეალობაში. ის აქ მხოლოდ სულიერი პრაქტიკებისთვის არ მოსულა. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ სულმა მტკიცე და გამოკვეთილი მოქალაქეობრივი ვალიც შეასრულოს ამ რეინკარნაციაში.
სულიერი გამოღვიძება საკმაოდ მტკივნეული პროცესია ბევრი ადამიანისთვის, რადგანაც როდესაც შენ იწყებ გააზრებას, თუ რა ძალადობრივი და კორუმპირებული სისტემის ნაწილი იყავი უამრავი წელი, რის შედეგადაც მოგიწია უამრავი სამყაროს კანონის დარღვევა, უამრავი ადამიანისა და ცხოველისთვის ტკივილის მიყენება, ეს არ გახლავთ ადვილი გადასატანი და არც ის ნეგატიური კარმა, რომელიც სულმა ამ სისტემაში გამოიმუშავა, ადვილი გამოსასყიდი არ არის. ამ სისტემაში ზოგჯერ აქტიურად შეგვაქვს ჩვენი არასწორი ქმედებებით წვლილი და კიდევ უფრო ვამყარებთ მას ამით და ზოგჯერაც პასიურად, როდესაც ვხედავთ უსამართლობას, როგორ ჩაგრავენ და სასტიკად და არასამართლიანად ექცევიან სხვებს (იქნებიან ესენი ადამიანები, ცხოველები თუ გარემო) და ამაზე თვალს ვხუჭავთ – ამ შემთხვევაშიც ჩვენი პასიურობით საყრდენს ვუმაგრებთ ბოროტ სისტემას. ნებისმიერ ვარიანტში, პასიურსა თუ აქტიურში, ჩვენ კვლავ ვრჩებით ამ სისტემის ნაწილად და სულს შთავბერავთ მას.
სულიერად გამოღვიძებული ადამიანი თავის ნებისმიერ ქმედებაში არის მაღალ სინდისიერი და სამართლიანი. ის ფუნქციონირებს ზემოთა ჩაკრების დონეზე და ცდილობს ჰარმონიაში მოიყვანოს შვიდივე ჩაკრა და თუ ამას შეძლებს, მისთვის სამყარო მართლაც გახსნის საოცრებების ზეციურ კარიბჭეს. ამას დამსახურება და დიდი ღვაწლი სჭირდება ჩვენი მხრიდან. სულიერად გამოღვიძებული ადამიანი იწყებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა უფლებების დაცვასაც და თავისი განუმეორებელი წვლილი შეაქვს თანამოძმეების გამოფხიზლებაში.
დუმილის დრო აღარ არის, მეგობრებო! აქტიური, მშვიდობიანი ქმედებების და სრული სულიერი გამოღვიძების დროა. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ და შევეცადოთ, სხვებსაც დავეხმაროთ, თუნდაც მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებით. ვისი მიმღები ნიადაგიც მზადაა, მასში ჩაგდებული ჭეშმარიტების მარცვალი ადრე თუ გვიან უთუოდ გაღვივდება, რაც მათ უბიძგებს სისტემიდან თავის დახსნისა და თავისუფლების გზაზე შედგომისკენ.
ჩვენ ვიმყოფებით დუალურ რეალობაში, სადაც არსებობს კარგი და ცუდი, ბოროტი და კეთილი, ნათელი და ბნელი… სულიერად გამოღვიძებულ ადამიანს უკვე კარგად ძალუძს მათი ერთმანეთისგან გარჩევა და სწორი არჩევანის გაკეთებაც. როდესაც საუბრობენ ერთიანობაზე, ეს არ ნიშნავს ადამიანმა მიიღოს და თავის თავში გააერთიანოს ბოროტი და ბნელი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარი ბნელი მხარეების შეცნობა და მათი ტრანზმუტაცია (გარდაქმნა) სინათლეში და ამგვარად მოახდინოს მათი ინტეგრირება საკუთარ არსში.
მხოლოდ სულიერად გამოღვიძებულ ადამიანს შეუძლია ახალი, ნათელი და ბედნიერი რეალობის შექმნა დედამიწაზე და სწორედ ეს არის ის როლი, რომელიც ბევრ ჩვენგანს აკისრია დღეს დედამიწაზე.
*კრიტიკული აზროვნება არ ნიშნავს ვინმეს ლანძღვა-გინებას. არამედ, ის მიუთითებს ადამიანის უნარზე საღად იაზროვნოს და იმსჯელოს და არ იმყოფებოდეს “ავტორიტეტების” მავნე ზეგავლენის ქვეშ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს გააჩნია საკუთარი შეხედულება სხვადასხვა საკითხების მიმართ და მას შეუძლია მიღებული ინფორმაციის გაანალიზება, გადახარშვა, გაფილტვრა და სინთეზი იმ ადამიანისგან განსხვავებით, რომელსაც განათლება სხვისი აზრების დაზუთხვა და მათი ციტირება გონია.
ავტორი: რუსუდან კვირიკაშვილი